წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება

წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება

სიმდიდრე, რაც ჩვენ გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში დიდი ჰესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან ბევრი ევროპული მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს მსგავსად ჰიდრორესურსი აქვს. ეს არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია, რომელიც საკუთარი ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია – მწვანეა, დასაქმებას ქმნის, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ წყალსაცავებს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა, შევინახოთ ძვირფასი რესურსი – წყალი და გამოვიმუშაოთ არა მაშინ, როცა ამის საშუალებას ბუნება გვაძლევს, არამედ ზუსტად მაშინ, როდესაც ეს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა თურნავამ.

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფომ ევროკომისიიდან მიიღო, დანარჩენი კი EBRD-ის ბანკმა სესხის სახით გამოყო. რეაბილიტაციის პროცესი იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები