ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა – კარანტინში გადაყვანა რთულდება

ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა – კარანტინში გადაყვანა რთულდება

ცოტა რთულია მოსახლეობასთან ურთიერთობა – კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილის 8 საათიდან დაიწყო გაფართოებული ტესტირება გარდაბნის სოფლებში. 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალარში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.​

„გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სრულად მოვიცვათ ადამიანები. სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, გადაყვანილები იქნებიან სამკურნალოდ, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება. არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რამეთუ, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობაზე – ლილოს ბაზრობა, დინამოს ბაზრობა, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობაზე გასამკაცრებელი იქნება მეტი ყურადღება, აუცილებელია თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები