ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სასამართლო წესით გამოიკითხება

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სასამართლო წესით გამოიკითხება

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სასამართლო წესით გამოიკითხება. ამის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბურჭულაძე მოწმის სტატუსით გამოიკითხება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად როდის გამოიკითხება ბურჭულაძე. ცნობილია, რომ ის მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერს არ გამოცხადდება. ბანი საქართველოში დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ჩამოვა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე საქართველოში მანამდე ჩამოსვლას უკვე დაგეგმილი კონცერტების გამო ვერ ახერხებს.

ადვოკატის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი „იავნანას“ ოფისში უკვე ჩატარებულია, თუმცა გამოძიებას ჯერ არ აქვს ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნა.

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ. მისი ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა ფონდიდან ფინანსური და სხვა სახლის დოკუმენტაციაც ამოიღეს.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ფონდი”, რომლის დეკლარირებული მიზანი იყო “ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია”. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა ჯერ პარტია, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები