წმინდა ბარბარეს ტაძარში წარსულში განხორციელებულ სამუშაოებს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისია შეისწავლის

წმინდა ბარბარეს ტაძარში წარსულში განხორციელებულ სამუშაოებს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისია შეისწავლის

ნავთლუღში, წმინდა ბარბარეს ტაძარში წარსულში განხორციელებულ სამუშაოებს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისია შეისწავლის, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტაძრის მოძღვრის განცხადებით, სამუშაოები, რომელმაც სოციალურ ქსელებში ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. აღნიშნულის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ მომხდარს შეისწავლიან. ამასთან, ეს სამუშაოები ხუროთმოძღვრების საბჭოსთან შეთანხმებული არ იყო.

„ბოლო ორი დღეა სოციალური ქსელითა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი.

როგორც მამა ისე განმარტავს, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებმაც დღეს ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. გარდა ამისა, ასევე დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

თუმცა, აქვე გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს. დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის მიუმართავს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ბრძანა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლა და უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები