ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქლეაძის განცხადებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 20:00 საათის მდგომარეობით ჯამში 25 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქლეაძის განცხადებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 20:00 საათის მდგომარეობით ჯამში 25 საჩივარი შევიდა, რომლებიც ძირითადად მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს შეეხება და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჩივარი ფიქსირდება ბორჯომში – 11, ოზურგეთში 10, ქუთაისში 2, ხოლო მარტვილსა და ხაშურში თითო-თითო. რაც შეეხება ყაზბეგს, ამ დროისთვის საჩივარი არ ფიქსირდება.

მიქელაძის ინფორმაციით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

”მაგალითისთვის მოგიყვანთ, რომ მარტვილის მეთორმეტე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბანზე. კომისიის წევრის განმარტებით, ის იცნობდა ამომრჩეველს და ამიტომაც მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ეს არის პროცედურული ხასიათის გადაცდომა და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ასევე, ოზურგეთის მეცამეტე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ხმა მისცა უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ამავდროულად გადასატანი ყუთის სიაში დაფიქსირებული იყო მისი ხელმოწერა. კომისიის გადაწყვეტილებით, გადასატანი საარჩევნო ყუთი გაგზავნილია ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, ოზურგეთის მეთხუთმეტე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე დაბრუნდა ლუქის ჭრილის დალუქვის გარეშე. დაწერილია საჩივარი და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. რაც მთავარია, მიქელაძის განცხადებით, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო სატელეფონო ქსელში არ შესულა ისეთი სახის შეტყობინება, რომელიც რაიმე სერიოზულ ინციდენტს ან დარღვევის შემთხვევას შეეხებოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები