ცდილობენ ტრაგედიებით და პატარა ბავშვების მოშველიებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები – ილია ელოშვილი „ნაცმოძრაობაზე“

ცდილობენ ტრაგედიებით და პატარა ბავშვების მოშველიებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები – ილია ელოშვილი „ნაცმოძრაობაზე“

ცდილობენ ტრაგედიებით და პატარა ბავშვების მოშველიებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები, – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ბაგა-ბაღებში კვებითი მომსახურების საკითხთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო გასული წლის განმავლობაში ის მომსახურება, რაც კვების კუთხით ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს.

„ცდილობენ ტრაგედიებით და პატარა ბავშვების მოშველიებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ამას აკეთებენ უტიფრად, თავხედური ფორმებით, ცდილობენ ჩვენს პროვოკაციებზე გამოწვევას, რაც არ გამოუვათ. რაც შეეხება საბავშვო ბაღების თემას, შიდა აუდიტი არის ჩვენი აუდიტი, რომელიც სისტემატურად ამოწმებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ბაღების მონიტორინგთან ერთად 180-ვე ბაგა-ბაღს მუდმივ რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ასობით სხვადასხვა ტიპის შემოწმება, რომელიც ამ ბაღებს უტარდებათ. მთლიანობაში, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო გასული წლის განმავლობაში ის მომსახურება, რაც ჩვენმა პატარებმა კვების კუთხით მიიღეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ კონკრეტული შემოწმების დროს, რომელიც ასეული შემოწმებიდან ერთ-ერთია, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ 4 პროდუქტზე იყო შეუსაბამობა სერთიფიცირებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სერთიფიკატზე მითითებულ მაჩვენებლებსა და პროდუქტის მაჩვენებლებს შორის ოდნავი სხვაობა იყო, რაც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა. შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ასეთი გადაცდომა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს, რომელიც კომპანია „ნილს“ დაეკისრა. არანაირი საფრთხე პროდუქტის ვარგისიანობის კუთხით არ დგას. საკვები მთელი წლის განმავლობაში იყო ძალიან კარგი და ბავშვები იკვებებოდნენ კარგად. ეს არის რელობა. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენივე გაკეთებულ საქმეზე ცუდად წარმოაჩინონ და ქულები დაიწერონ.

ტენდერი გულისხმობს იმას, რომ ფასები იცვლება ტენდერის შესაბამისად. ფასი იცვლება თუ არ იცვლება, ამის თქმა არასწორია. ცხადდება ტენდერი მონაწილეობენ სხვადასხვა კომპანიები და შესაბამისად ხდება ფასის დადგენა. ტენდერები წინა წელს აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, ღია კონკურენცია იყო და გაიმარჯვა „ნილმა“. კომპანიას პატარ-პატარა დარღვევები ჰქონდა და ეს შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა, არაფერი ისეთი ამ კომპანიას არ გაუკეთებია, რომ მოხდეს მისი „შავ სიაში“ შეყვანა და დაბლოკვა სხვა ტენდერებისგან. ჩვენთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რომელი კომპანია გაიმარჯვებს, მთავარია ტენდერი იყოს ღია, გამჭვირვალე და კომპანია აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს“, – განაცხადა ელოშვილმა.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერის წინააღმდეგ პროკურატურისთვის სარჩელით მიმართვას აპირებს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერი 60 ათასი ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ბაგა-ბაღებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების პროცესში გამოყენებული 4 პროდუქტი – თევზი, ტომატი, ხაჭო და ყველი სახელშეკრულებო ვალდებულებებს არ შეესაბამება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები