“თუ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ”

“თუ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ”
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტი არ დარღვეულა, რადგან კონსტიტუციაში არ არის პირდაპირი მითითება მსგავსი მოთხოვნების ავტომატურად დაკმაყოფილების შესახებ.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციონერ დეპუტატებს  ხელფასიდან ჩამოეჭრებათ თანხა გაცდენილი სესიების შესაბამისად; ამასთანავე, კონსტიტუციის თანახმად, თუ ისინი გააცდენენ სხდომების ნახევარზე მეტს, ავტომატურად შეუწყდებათ უფლებამოსილება.

“რეგლამენტი არ ირღვევა. გასაგებია, რომ ეს არის მათი ნება, მაგრამ, ამავდროულად, ითხოვს კანონი და კონსტიტუცია, რომ პარლამენტმა მათი ეს ნება ან დაადასტუროს, ან არა, იქ არ წერია, რომ პარლამენტმა ავტომატურად უნდა დაადასტუროს. პარლამენტმა არც მხარი დაუჭირა და არც უარი თქვა, უბრალოდ, თავი შეიკავა ამ საკითხზე კენჭისყრისაგან.

ისინი არ არიან ბოიკოტის რეჟიმში, ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. გამომდინარე აქედან, რამდენ სხდომასაც გააცდენენ, როგორც არის გათვალისწინებული რეგლამენტით, იმდენი ხელფასი ჩამოეჭრებათ და, ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუ დეპუტატები საპარლამენტო სესიების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უწყდებათ უფლებამოსილება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მათი განცხადების გარეშეც დადგება საკითხი მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს იქნება საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე,“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები