თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებს

თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე პირდაპირ ზეწოლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ კარასინის განცხადებაში რუსეთის პოლიტიკის ცინიზმის სულისკვეთებაა ასახული.
„კარასინი კვლავაც საუბრობს იმ ე.წ. რეალობაზე, რომელსაც აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ეწინააღმდეგება მთლიანად ცივილიზებული სამყარო.
მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი და საშიში არის ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებებს, რომელიც არა მხოლოდ შეურაცხყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ ძალიან სერიოზულ ზეწოლადაც შეიძლება იქნას აღქმული – საუბარი ასე ცინიკურად იმ ადამიანების ბედზე, რომლებსაც გაუყვეს სახლ-კარი და გაუვლეს მავთულხლართები, რომლებსაც ელემენტარულად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოძრაონ თავიანთ სამშობლოში და მოინახულონ საკუთარი ახლობლები, ნათესავები, თუ საკუთარი წინაპრების საფლავები, მათზე ასეთი დამცინავად საუბარი სცილდება ყოველგვარ ზღვარს.

მაგრამ როდესაც ამას აკეთებს დელეგაციის ხელმძღვანელი, ეს არის უკვე პირდაპირი ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად გამოხატავს დამოკიდებულებას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის, რაც აღიზიანებს კარასინს, ეს არის საერთაშორისო დელეგაციების ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და უშუალოდ ადგილზე სიტუაციის გაცნობა.

,,ეს არის ის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ეს რეალობა შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იარსებებს საოკუპაციო ხაზები და როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იქნება საოკუპაციო ჯარი”, – აღნიშნა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები