თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან.

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან. მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრას საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ოჯახის ადვოკატიც დაესწრებიან.

„დაგვირეკეს პროკურატურიდან და გვთხოვეს ჩავსულიყავით თბილისში. გვსურდა, ირაკლი შოთაძე პანკისში ამოსულიყო, მაგრამ თბილისში გადაწყდა შეხვედრა, რასაც მამაჩემიც და ხეობის სხვა წარმომადგენლებიც დათანხმდნენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, კიდევ ვინ წავა შეხვედრაზე პანკისიდან“, – უთხრა პანკისის სათემო რადიოსთემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა 26 იანვარს მოითხოვეს. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ხეობის მცხოვრებლები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები