თეა წულუკიანი: თუ პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, მაშინ სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს

თეა წულუკიანი: თუ პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, მაშინ სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს

„თუ ვნახე, რომ პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მას თანამდებობა არ დაუტოვებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. „პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას ან რომელიმე პროცესს, მათ შორის პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც თავს შევიკავებ ამ თემაზე დღეს ღიად საუბრისგან, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში, მაგრამ რამე ტრაგიკული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ პოზიცია, რომელიც მე მაქვს არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, თანამდებობიდან მისი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის.
„მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები