«The Wall Street Journal»-ის სკანდალური სტატია: მაკკეინის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა; ის ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტნიორია

«The Wall Street Journal»-ის სკანდალური სტატია: მაკკეინის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა; ის ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტნიორია

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთს სხვადასხვა პოლიტიკური პროექტების განხორციელებაში ეხმარებოდა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და ჩერნოგორიაში, – ნათქვამია გავლენიან ამერიკულ გამოცემა «The Wall Street Journal»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გაზეთის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექს-მრჩევლის პოლ მანაფორტის კომპანიის სამი პროექტი რუსეთის ინტერესებს შეესაბამებოდა და ყველა ისინი პროექტი რუს ოლიგარქს – ოლეგ დერიპასკას და მის გარემოცვას უკავშირდება.
სტატიის ავტორს ინფორმაცია მიაწოდა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა ფილიპ გრიფინმა, რომელიც პოლ მანაფორტის ფირმასთან თანამშრომლობდა და ბევრი რამ იცოდა მისი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, მანაფორტის კომპანიის მოღვაწეობაზე ისაუბრეს აგრეთვე აშშ-ის ყოფილმა ელჩებმაც საქართველოში, უკრაინასა და ჩერნოგორიაში.
როგორც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი წერს, კომპანიის საქმიანობა შედარებით უფრო მასშტაბური იყო „თავისი მოცულობით და ამბიციებით“, ვიდრე ამის თაობაზე ადრე იცოდნენ. სტატიით ირკვევა, რომ ხშირად პოლ მანაფორტს კონტაქტები ჰქონდა რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან და მის გარემოცვასთან. პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, ოლეგ დერიპასკას საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს უცხოელ პოლიტიკოსებთან და „მისი გეგმები ხშირად ემთხვეოდა ვლადიმერ პუტინის საგარეოპოლიტიკურ გეგმებს“.
პოლ მანაფორტი თავის პოლიტკონსალტინგურ კომპანიას (DMP – Davis Manafort Partners) რიკ დევისთან ერთად მართავდა, რომელმაც, თავის მხრივ, 2008 წელს სენატორ ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ყოფნაც მოასწრო.
DMP-ის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა The Wall Street Journal-ის სტატიის ავტორს აცნობა, რომ 2004 წლის დასაწყისში ოლეგ დერიპასკას ერთ-ერთმა პარტნიორმა ნათანიელ როტშილდმა (ბრიტანელი ბიზნესმენების ოჯახის შთამომავალმა) რიკ დევისი მოსკოვში, რუსი ოლიგარქის კომპანიის „საბაზო ელემენტის“ ოფისში მიიწვია, სადაც მან სტუმარს საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე გააცნო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების გეგმის შემუშავება, თანაც მისი დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა მომხდარიყო. შეხვედრა მოხდა „ვარდების რევოლუციიდან“ მცირე ხნის შემდეგ, როცა საქართველომ აქტიური პროდასავლური პოლიტიკის გატარებას იწყებდა. ნათანიელ როტშილდს განზრახული ჰქონდა საქართველოში ინვესტიციების ჩადება (მევენახეობის დარგში) და როცა ინვესტიციას განახორციელებდა, იგი საქართველოს მთავრობას თხოვნას წარუდგენდა, რათა ნება დაერთოთ იგორ გიორგაძისთვის სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ იგორ გიორგაძე 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა. მან თავი მოსკოვს შეაფარა, საიდანაც საქართველოში შექმნილ პრორუსულ პარტიას ხელმძღვანელობდა.
2003 წლის ბოლოს საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელიც კრემლისაგან დისტანცირებულ პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა მის ასეთ კურსს.
„2004 წლის ბოლოს ნათანიელ როტშილდისა და რიკ დევისის კიდევ ერთი შეხვედრა უკვე თბილისში განხორციელდა: მათ ერთად ივახშმეს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, თუმცა წარუმატებლად – მიხეილ სააკაშვილმა მათი გეგმები დაამსხვრია. შესაბამისად, როტშილდ-დევისის პროექტის რეალიზება გადაიდო“, – ნათქვამია სტატიაში, ზემოთ ხსენებულ პოლიტიკურ კონსულტანტთან საუბრიდან გამომდინარე.
ამერიკელმა დიპლომატმა კენეტ იალოვიცმა, რომელიც 1998-2001 წლებში აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში და ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს და კონფლიქტების მოგვარების პროგრამებს ხელმძღვანელობს, The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ „იგორ გიორგაძე, თუ იგი სამშობლოში დაბრუნდებოდა, რუსეთის მიმართ ლოიალურად იქნებოდა განწყობილი და მოსკოვის თვალში სანდო ქვეშევრდომის სახელს დაიმსახურებდა, დასავლურ კურსს მხარს არ დაუჭერდა“.
ამ საკითხზე კომენტარის მიღება ნათანიელ როტშილდისაგან The Wall Street Journal-მა ვერ შეძლო. გაზეთისათვის შეკითხვისათვის პასუხი არ გაუცია არც თვითონ რიკ დევისს და არც იგორ გიორგაძის ადვოკატს გაგი მოსიაშვილს. კომენტარზე უარი თქვა მიხეილ სააკაშვილმაც. როგორც პოლ მანაფორტის პრეს-მდივანმა ჯეისონ მელონიმ განაცხადა, DMP კი მონაწილეობდა ამ ქართულ პროექტში, მაგრამ თვით შეფი მასში არანაირ როლს არ ასრულებდაო.
ინკოგნიტო პოლიტიკური კონსულტანტის თქმით, ქართული პროექტის ჩავარდნის შემდეგ DMP უკრაინაზე გადაერთო, სადაც საქმე კვლავ ოლეგ დერიპასკასთან დაიჭირა, ამჯერად უკვე იმ პარტიის მხარდაჭერისათვის, რომელიც პრორუსულად იყო განწყობილი.
როგორც ცნობილია, 2004 წლის ნოემბერში, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, მაგრამ მისი კონკურენტის ვიქტორ იუშენკოს მომხრეებმა ჩათვალეს, რომ არჩევნები გაყალბდაო და საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს, მოგვიანებით „ნარინჯის რევოლუციად“ წოდებული.
პოლიტკონსულტანტი ფილიპ გრიფინი, რომელიც საქართველოში DMP-სთან თანამშრომლობდა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს უყვება, რომ რიკ დევისმა იგი, თბილისიდან აშშ-ში დაბრუნების წინ, უკრაინაში გაგზავნა ნათნიელ როტშილდისა და ოლეგ დერიპასკას დასახმარებლად (ანუ რუსეთის სასარგებლოდ). ფილიპ გრიფინი დაუკავშირდა დონბასელ ფოლადისა და ქვანახშირის მაგნატს რინატ ახმეტოვს, რომელსაც კრემლთან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა. ამის შესახებ უკვე საქმის კურსში თვით პოლ მანაფორტიც იყო. ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ („ნარინჯის რევოლუციის“ შედეგად) რინატ ახმეტოვი დაყაბულდა DMP-სათვის 10 მილიონი ევრო გადაეხადა იმ მიზნით, რომ DMP-ის დახმარებით თავისი კომპანია System Capital Management (SCM) დასავლეთისათვის მიმზიდველი გაეხადა.
გარდა ამისა, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკი სტატიის ავტორს უყვება, მოგვიანებით პოლ მანაფორტი პრორუსულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს და მის პარტიას დასავლეთთან კავშირების გაბმაში ეხმარებოდა.
რაც შეეხება ჩერნოგორიას, ამ ქვეყანაში პოლ მანაფორტის კომპანია ოლეგ დერისპასკას ალუმინსადნობი კომბინატისა და ბოქსიტების საბადოს შესყიდვაში დაეხმარა, – ნათქვამია სტატიაში. DMP მის ინტერესებს ლობირებდა ჩერნოგორიის ხელისუფლებაში. თუმცა, როგორც სერბეთსა და ჩენროგორიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ პოლტი ამბობს, საბოლოო ჯამში ოლეგ დერიპასკას ჩერნოგორიიდან წასვლა მოუწია, არჩევნებში პროდასავლური პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემდეგ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები