თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ათი კი დაჯარიმდა

თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ათი კი დაჯარიმდა

თბილისში, ეროვნული ბანკის შემოწმების ფარგლებში, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ.
კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.
შეგახსენებთ, რომ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე – განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ.
ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსსა და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ – cp@nbg.gov.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები