თბილისში უნდა დასრულდეს ურბანული ქაოსი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ – ბექა დავითულიანი

თბილისში უნდა დასრულდეს ურბანული ქაოსი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხზე საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთს იყო აცდენილი და ამის მიუხედავად, დედაქალაქის მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება შეძლო.

„მსურს, მივულოცო თითოეულ თბილისელს, ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებს, რომ ვაკის პარკში არაფერი აშენდება. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ საკითხზე საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთს იყო აცდენილი და ამის მიუხედავად, დედაქალაქის მერიამ თბილისელების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღება შეძლო. მოიძებნა იდეალური გამოსავალი, რითაც ყველას, პირველ რიგში, კი ქალაქის და მოქალაქეების ინტერესი დაკმაყოფილდა. რა თქმა უნდა, ვაკის პარკში, ამ უნიკალურ მწვანე სივრცეში, მსგავსი სახის მშენებლობა დაუშვებელი იყო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოება, თბილისის მერი და მთლიანად მუნიციპალიტეტი საერთო, პრინციპულ პოზიციაზე დგას, ამას ინვესტორიც შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს.

„შესაბამისად, საკითხი ქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა. ზოგადად, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ურბანული ქაოსი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დღეს, ათწლეულების მანძილზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვიწევს, რაც რთულია, თუმცა ჩვენ ამ პრობლემებს ეტაპობრივად აუცილებლად დავძლევთ. მსგავს საკითხებზე ყოველთვის პრინციპული პოზიცია გვექნება და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი დედაქალაქისა და თბილისელების, მომავალი თაობების ინტერესებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები