თბილისში ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თბილისში ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 29 ღვინოს ოქროს, 175-ს ვერცხლის და 76-ს ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა. კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობაა.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ასოციაცია „ქართული ღვინოს” აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მიესალმნენ.

როგორც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ცერემონიის დროს აღნიშნა, ქვევრის ღვინო უნიკალური პროდუქტია, რომელიც ხარისხობრივად უმჯობესდება და მას სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აწარმოებს.

„ქვევრის ღვინო არის უნიკალური პროდუქტი, რომლის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსთვის. დღეისათვის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარი 50-ზე მეტი ქვეყანაა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქვევრის ღვინო ხარისხობრივად უმჯობესდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აწარმოებს მას. საქართველოში იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართული ღვინის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზრებზე”, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

კონკურსი 21-22 ივნისს გაიმართა და მასში ღვინის 320 ნიმუში 120-მა კომპანიამ წარადგინა. ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსში ოქროს დიპლომები მიიღო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარდგენილი იქნება აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე”.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (აშშ), ასევე, ღვინის ექსპერტები – გეორგ ბინდერი (გერმანია), მაგდა სურგულაძე, ვლადიმერ კუბლაშვილი, ვანო შიუკაშვილი და ირმა ჭანტურია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები