თბილისის მეტეოროლოგიური სადგური გაუქმებულია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში, ისეთივე ტრაგედია დატრიალდება, როგორიც იყო 2015 წლის 13 ივნისს.

თბილისის მეტეოროლოგიური სადგური გაუქმებულია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში, ისეთივე ტრაგედია დატრიალდება, როგორიც იყო 2015 წლის 13 ივნისს.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ყოფილი ხელმძღვანელი ალბერტ ბრეგვაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტეოროლოგიური სადგური გაუქმებულია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში, ისეთივე ტრაგედია დატრიალდება, როგორიც იყო 2015 წლის 13 ივნისს.
როგორც ალბერტ ბრეგვაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, თბილისში და მისგან 100 კილომეტრის რადიუსში მეტეოსადგური არ არსებობს.
იგი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ გაზაფხულზე უხვი ნალექი კვლავ მოსალოდნელია და „იქნებ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე“.
„2015 წლის ნოემბერში, ესტაკადა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის გამზირამდე კი აღადგინეს, მაგრამ მდინარე ვერე ისევ იმ ვიწრო გვირაბში გამოკეტეს.
ნუთუ, ამათაც დაივიწყეს, რომ ბუნება მბრძანებელია?! დღეს, უარესი სიტუაციაა, თბილისის მეტეოროლოგიური სადგური გაუქმებულია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში, ისევ ტრაგედია დატრიალდება. მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება რამდენჯერ უნდა გავაფრთხილო?! პრიორიტეტად ხალხზე ზრუნვა თუ აქვთ გამოცხადებული, ხმამაღლა ვამბობ: გაზაფხულია, მაისსა და ივნისში საქართველოში ძლიერი წვიმები იცის, განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა იქმნება თბილისსა და მის შემოგარენში. გამოფხიზლდით, თქვენი დაუდევრობით ადამიანები ისევ არ გაწიროთ, ბეჰემოთი ისევ გმირთა მოედანზე არ აღმოჩნდეს, ხოლო ვეფხვი – სადღაც საწყობში, რომელმაც წყალდიდობას გადარჩენილი კაცი შეიწირა. გზა კი აღადგინეს, მაგრამ მდინარე ვერე 50 წელიწადში ერთხელ დიდდება და შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ მდინარე ვერე 50 წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველ წელს დიდდება და მშვიდად დაძინება არ შეიძლება“ – აცხადებს ალბერტ ბრეგვაძე.
ამასთან, ბრეგვაძე გამოცემასთან წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ 1991 წელს საქართველოში 110 მეტეოროლოგიური სადგური მოქმედებდა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ კი, 12 – მდე შეამცირა.
„ახლა ერთიც არ ფუნქციონირებს, თბილისის მეტეოროლოგიური სადგური მთლიანად შენობების ჩრდილშია მოქცეული. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის შტორმი და შტორმული სამსახური… 2018 წლის 12 აპრილს, დიდ დიღომში ლამის შტორმული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ჰიდრომეტეროლოგიურ ცენტრს არც კი შუმჩნევია. სახურავზე ავედი და წვიმის რაოდენობა გავზომე. 3 საათსა და 30 წუთის განმავლობაში, 27 მილიმეტრი წვიმა მოვიდა, თბილისში მეტრო დაიტბორა, დავრეკე ჰოდრომეტცენტრში, საგანგაშო სიტუაციაა-მეთქი. მონაცემები დაფიქსირებული არ ჰქონდათ. არადა, ძლიერი ელჭექი იყო – ზუსტ მონაცემებზე ვსაუბრობ : ძლიერი წვიმა წამოვიდა 19.15 საათზე და 4 საათი გაგრძელდა. ვაცხადებ, თბილისში და მისგან 100 კილომეტრ რადიუსში მეტეოსადგური არ არსებობს და ამ სადგურს პატრონი არ ჰყავს, რომ ქალაქი შტორმისგან იხსნას, განა რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ ხელისუფლებას თვალი აეხილოს?! – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ჰიდრომეტეროლოგიური ობსერვატორიის ყოფილი ხელმძღვანელი ალბერტ ბრეგვაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები