თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „თბილსერვის ჯგუფში“ ტექნიკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა. კალაძის განცხადებით, არის ყველანაირი მზაობა, როგორც ტექნიკის, ასევე ტექნიკური მარილის მარაგის კუთხით, რომ დედაქალაქი თოვლისგან გამოწვეულ პრობლემებს შეხვდეს.

„შევხვდით „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას. შეხვედრის მიზანია ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ და არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა იქნება. თუ საჭირო გახდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, გვყავს ჩვენი ტექნიკა, შესაბამისად ზამთარში გზების პრობლემა იქნება მოგვარებული. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლოდ რა ყურადღებას მივაქცევთ ქალაქის დასუფთავებას, იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კომპლექსური და არ არის ერთი კონკრეტული მიმართულება. შესაბამისად, მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება დამატებითი ტექნიკის შეძენა, იმისთვის რომ თბილისის ქუჩები იყოს სუფთა, მოწესრიგებული და ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასუფთავებით არ შემოფარგლება, არის სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, ეს არის მშენებლობები, მისი მოწესრიგება, ტრანსპორტი და მისი რეგულირებაში მოყვანა. ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ კარგ სურათს ეკოლოგიიური თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ნარჩენების მართვის ვალდებულებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ქვეყანას ნაკისრი. როგორც კალაძე აცხადებს, ქვეყანა მივიდა იმ დონეზე, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება.
„აუცილებელია სეპარირება განხორციელდეს. ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს, მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები