თბილისის მერია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართავს

თბილისის მერია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართავს

თბილისის გეგნგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში დედაქალაქის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს ჩართულობისთვის მიმართა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი და სწორი განვითარება.

”მოგეხსენებათ, რომ დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ მოითხოვა 45- დღიანი ვადა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა, რადგანაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა და მიღება. ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში. აქტიური კონსულტაციების შედეგად მოხდა შეთანხმება თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის, შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანიამ „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩაერთონ გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობის მიღებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელლოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით. თბილისის მერია უზრუნველყოფს ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციისა და ექსპერტების ინფორმირებულობას. ჩვენ ყველა დოკუმენტაციას, რომელიც გენგეგმასთან დაკავშირებით მერიას მიუღია, ამ ადამიანებს მივაწვდით, რომ მოხდეს მუშაობის დაწყება. ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება“, – განაცხადა კალაძემ.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები