თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს დაესწრო

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ხელი შევუწყოთ წარმატებულ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მივესალმებით ახალგაზრდების ჩართულობას ამ ყველაფერში. ჩვენ ერთი პროექტი ამ მიმართულებით უკვე გავაკეთეთ. ესაა „შენი იდეა ქალაქის მერს“. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. ამ პლატფორმით ნებისმიერ ადამიანს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია საკუთარი ხედვა, კონკრეტული პროექტი წარმოგვიდგინოს. უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა საინტერესო პროექტი და სამი მათგანი განხილვის პროცესშია. მესმის, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ახალგაზრდების ჩართულობისა, ამიტომ თქვენც მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდების როლი გაიზარდოს ქალაქის განვითარების პროცესში. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს დედაქალაქში, დაიძლევა ჩვენი ერთობით.

იმის ილუზია არავის აქვს, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხით შევძლებთ ყველაფრის მოგვარებას, რადგან ეს 20-25 წლის განმავლობაში ნაგროვები პრობლემებია და მათი გადაჭრა 4 წელიწადში შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და შესაძლებლობები, რომ ძირითადი მიმართულებები შევცვალოთ, ქალაქი კეთილმოწყობილი იყოს, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა და თქვენი როლი არის განსაკუთრებული“, – განუცხადა კახა კალაძემ ახალგაზრდებს.

ორდღიან ფორუმში თბილისში მოქმედი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამებისა და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტების შესახებ, ასევე, გაეცნენ ერთმანეთის საქმიანობას, მიზნებს და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის გზები.

თბილისის ახალგაზრდობის ფორუმი პირველად ტარდება და მისი მიზანია: განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განვითარება თბილისის მერიასა და თბილისში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის; მუნიციპალური პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროგრამების განხორციელებაში ახალგაზრდული და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობა; თბილისში განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების განხორციელება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები