თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი გამოეხმაურა

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი გამოეხმაურა

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი გამოეხმაურა. კალაძემ განაცხადა, რომ ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა ხდებოდეს.

“ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, -განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია. თუმცა, კაშიას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.

თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა: „მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მას ყოველთვის დავუჭერ მხარს. რთულია ამის ახსნა, ჩვენს სამშობლოში ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ იღებს. ცოტანი იყვნენ ისინი, ვინც ჩემს „ფეისბუქზე“ გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. მე არ მანაღვლებს – ვინ ხარ შენ, რას აკეთებ ამ ცხოვრებაში. თუ სხვა ადამიანს არაფერს უშავებ, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა – ეს ჩემი მრწამსია. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, აუცილებლად წავალ სათამაშოდ“, – ციტირებს nos.nl კაშიას სიტყვებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები