თბილისის ახალ პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა.

თბილისის ახალ პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა.

ქალაქ თბილისის პროკურორად დანიშნული მალხაზ კაპანაძე 1985 წელს დაიბადა. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2009-2010 წლებში მალხაზ კაპანაძემ კარიერა დაიწყო თბილისის პროკურატურის სტაჟიორად, ხოლო სტაჟირების გავლის შემდეგ საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე დაინიშნა. 2010-2012 წლებში მუშაობა განაგრძო თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში ეკავა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის, შემდგომ საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თანამდებობა. 2013 წელს მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო 2013-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს პროკურორად. 2015 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტების ხელმძღვანელებად გააგრძელებენ.
„სულ საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, -აცხადებენ პროკურატურაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები