თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი მუშაობას, ბათუმში აგრძელებს. მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
მისი განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო თავად ირჩევს მმართველობის ამა თუ იმ მოდელს და იგი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს და მის ხასიათს ეფუძნება. შესაბამისად, რთულია მსჯელობა რომელი მმართველობის სისტემაა უფრო სწორი და გამართლებული. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში პარალელები წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო მოდელს შორის გაავლო.
„2010 წელს, წინა ხელისუფლებამ განახორციელა პირველი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებში მივიღეთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოთქვა. მიმაჩნია, რომ არსებული ცვლილებები განპირობებული იყო წინა ხელისფლების სურვილზე, რათა მათი ხელისუფლებაში ყოფნა განმტკიცებულიყო“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე შეფასებით, არსებული ცვლილებები პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის მმართველობის ორმაგ სტანდარტს წარმოადგენდა, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც ვრცელდებოდა.
„ახალი კონსტიტუციით ეს მოდელი შევცვალეთ. გავითვალისწინეთ ესტონური მოდელი, სადაც პრეზიდენტს აღარ აქვს ეროვნული უშიშროების საბჭო, თუმცა იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იკრიბება როგორც უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირის არჩევა უნდა იყოს ადექვატური მის უფლებამოსილებასა და ფუნქციებთან. „მაშინ როდესაც ჩვენ მთლიანად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე პრეზიდენტის ფუნქციები მაქსიმალურად შემცირებულია და ვთვლით, რომ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევა ეს იყო იმაზე მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე პრეზიდენტს უფლებამოსილება გააჩნდა. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხს – ქვეყანას საინტერესო საკონსტიტუციო მოდელი შევთავაზეთ. იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, რაც გამოიხატება მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ჩვენ გვჭირდებოდა გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება და არსებული რესურსის სწრაფად და ეფექტურად გამოყენება. მსგავსად წინა კონსტიტუციისა საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება დარჩა პრეზიდენტს, თუმცა გაუქმდა პარლამენტისთვის გათვალისწინებული 48 საათიანი დრო. ახალი მოდელით პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ საომარი მდგომარეობა შედის ძალაში და გამოიცემა ორი აქტი, როგორც მთავრობისთვის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალინო კანასმა, რომელმაც საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში პარლამენტების როლზე ისაუბრა.
სესიას მოდერირებას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ასისტენტ-დირექტორი, ცენტრის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი, ფილიპ ფლური უწევდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები