თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციაზე – “საკონსულტაციო მექანიზმები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის” მოხსენებით გამოვიდა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციაზე – “საკონსულტაციო მექანიზმები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის” მოხსენებით გამოვიდა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს კონფერენციაზე – “საკონსულტაციო მექანიზმები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის” მოხსენებით გამოვიდა.
შეხვედრა, რომელშიც 5 ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურმა მდივანმა, ანდრიას კიფერმა გახსნა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სომხეთის დედაქალაქში გამართულ კონფერენციაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის მექანიზმებსა და კონსულტაციების პროცესში ეროვნული ასოციაციების ადვოკატირების როლზე იმსჯელეს.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებათა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების შექმნილი პლათფორმების შესახებ ისაუბრა.
თამარ ტალიაშვილმა დეცენტრალიზაციის პროცესში არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ასევე, აქცენტი გააკეთა დეცენტრალიზაციის მიმდინარე ეტაპზე, კერძოდ, ადგილობრივ თვითმმართველობათა გაძლიერების სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ღია, გამჭირვალე და ინკლუზიური საკონსულტაციო მექანიზმების გამოყენებაზე.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციები სრულად ინსტიტუციონალიზირებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG) უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობასა და მონაწილეობას ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს პლატფორმები და მექანიზმები ქმნიან დროულ და სათანადო ფორმატს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას და აძლიერებს ევროპულ ღირებულებებს საქართველოში“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონფერენციას საქართველოს მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა. დავით მელუამ ათეა-ს მიზნებზე ისაუბრა და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში 15 წლის წინ დაფუძნდა და მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან თანამშრომლობს.
ათეა-ს პრეზიდენტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი – კახა კალაძეა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები