თამარ მეფის ფრესკა, თითქმის, აღდგენილია

თამარ მეფის ფრესკა, თითქმის, აღდგენილია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკა, თითქმის, აღდგენილია. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი:

“სპეციალისტები კვლავაც აგრძელებენ კედლის მხატვრობის ფორების ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის მიკრო ნაწილაკებისგან გაწმენდის პროცესს. სარესტავრაციო პროცესის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მესამე ეტაპის იმ სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს შესაძლოა დასჭირდეთ.”

სააგენტოს ინფორმაციით, პროცესის დასრულების შემდეგ რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებენ, კერძოდ, ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობისა და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობა.

2016 წლის 31 ოქტომბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა რის შედეგადაც ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა დაიწვა. ხანძრის ჭვარტლმა თამარ მეფის XII საუკუნის უნიკალური მხატვრობა დააზიანა. სარესტავრაციო სამუშაოები დეკემბრის თვეში დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები