თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაზე, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაზე, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, გენერალური დისკუსიის ფარგლებში სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომელიც  საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება, ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერებას ეძღვნებოდა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში  ხაზი გაუსვა ამ საკითხში საქართველოს ინტერესს და ჩართულობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. მიმოიხილა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა 2017 წელს ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა პირდაპირ კავშირშია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან, შრომის უფლებებთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე წვდომასთან. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე, რასაც, თავის მხრივ, ცვლილებები მოჰყვა 20-ზე მეტ კანონპროექტში. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომისიას კიდევ ერთხელ ამცნო საქართველოს ინტერესი და ჩართულობა სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე და მიმოიხილა, ქვეყანაში ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები.

გამოსვლის ბოლოს, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა რეალური გაძლიერება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების არსებობით ხდება, რასაც მოჰყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის შემოღების განხილვა.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები