თამარ ჩუგოშვილი: ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი

თამარ ჩუგოშვილი: ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი

ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი, – ამის შესახებ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მიმდინარე გამოძიების თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ წინასაარჩევნო დისკუსიაში ამ თემის შემოტანა არ არის სწორი და შეიძლება, ამან საერთო ინტერესი დააზიანოს.

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას წარმოვადგენთ, ვინ ოპოზიციაა, ვინ უმრავლესობა, აქ სახელმწიფო ინტერესი არის საერთო და არის ერთი – დადგინდეს საქართველოს მიმართ ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულები, როგორიც არის ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია – ეს უნდა იყოს ყველას საერთო ამოცანა.

ვფიქრობ, პოლიტიკურ წინასაარჩევნო დისკუსიაში ამის შემოტანა არ არის სწორი, არ არის კარგი და შეიძლება ამან დააზიანოს ის საერთო ინტერესი, რომელზეც მე ვსაუბრობ. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველას გვეყოფა პატრიოტიზმი, რომელიც საჭირო არის, რომ რაღაც საკითხებზე პოლიტიკური დაპირისპირებები გვერდზე გადავდოთ და ყველა ვიყოთ მობილიზებული, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ და საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულები მაქსიმალურად კარგად იყოს გამოძიებული. საქართველოს მხარემ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების პროცესს, რომ ეს დანაშაულები დადგინდეს.

მხოლოდ ეს შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა. არის საკითხები, რომელზეც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ღიად ვერ ვისაუბრებ და იმედია, ამით ბოროტად არ ისარგებლებენ სხვადასხვა პირები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები