თალაკვაძე პრემიერის ანგარიშზე: ჩვენი სურვილია, რომ, უმრავლესობის გარდა, ამ განხილვაში ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილეობა

თალაკვაძე პრემიერის ანგარიშზე: ჩვენი სურვილია, რომ, უმრავლესობის გარდა, ამ განხილვაში ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილეობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ  წარდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.

„მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება პირველად იმართება იმ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ამით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ხაზგასმით ვამბობ, როგორც პარლამენტის, ასევე, მთავრობისთვის. თუმცა, ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება, ჩვენი სურვილი არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში, ამის გათვალისწინებით, ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტსა და პრემიერმინისტრს შორის კონსულტაცია გაიმართება და პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება, შესაძლოა, გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე გაიმართება კონსულტაციები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად.

„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. ეს საკითხიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც თქვენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამის, წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში ვიმსჯელოთ განვითარებულ მოვლენებზე, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები, შედგეს სრულფასოვანი დებატი და მოვუსმინოთ შესაბამის მინისტრებს  იმ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ იყო ამ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პლენარულ სხდომაზე არ გამოვიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში უნდა მოხდეს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები