ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს.
„საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო ტერორიზმის მუდმივად ცვალებადი საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირების გზების გაუმჯობესებაზე. 2017 წლის განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ტერორისტული საფრთხეები არ შემცირებულა.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობები საქართველოშიც. 2017 წელს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეცვალა მოქმედების სტრატეგია, რამაც თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დღეისათვის „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზებულ სამყაროს რამდენიმე მიმართულებით უქმნის საფრთხეს. სირია-ერაყში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში დაბრუნდნენ და ადგილზე ტერორისტული ქსელი ჩამოაყალიბონ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების იდეოლოგიური მსგავსებისა და მათი გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა, შესაძლოა, სხვა კონფლიქტურ რეგიონებში გადაჯგუფება შეძლონ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ სავარაუდოდ, გააძლიერებს იდეოლოგიურ მუშაობას და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით მეტი ადამიანის რადიკალიზაციასა და გადაბირებას შეეცდება. „გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია ძირითადად ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელებით იყო დაკავებული, 2017 წლის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ტერორისტული აქტების განხორციელება „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების მთავარ იარაღად იქცა. „ისლამური სახელმწიფოსგან“ განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი დანაკარგები არ განუცდია „ალ-ქაიდას“ და „თალიბანს“. გასული წლის განმავლობაში სირიის ტერიტორიაზე მოქმედი „ალ-ქაიდას“ დაჯგუფება დასუსტებული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების გადაბირების ხარჯზე ცდილობდა გაძლიერებას. ავღანეთსა და პაკისტანში ერთმანეთს აქტიურად დაუპირისპირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი დაჯგუფებები და „თალიბანი“. ეს უკანასკნელი ტერორისტული აქტივობებით გამოირჩეოდა და რამდენიმე თავდასხმა განახორციელა საერთაშორისო სამხედრო მისიებზე. 2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. სუს-ის ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა. „ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ. იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ სირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად“, – აცხადებენ -სუს-ში.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებაც. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა. სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი ე.წ. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მოგვიანებით გამოვლენილ იქნენ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონში, აღნიშნული პირების დაკავების მიზნით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულ იქნა 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა”, – ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. “ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები