“სტრასბურგის სასამართლო მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს“-წულუკიანი

“სტრასბურგის სასამართლო მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს“-წულუკიანი

„სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ საქმის განხილვის კომენტირებისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები რუსეთისა და ევროპის საბჭოსი, რომლის ნაწილია სტრასბურგის სასამართლო, მათ შორის, მწვავე ურთიერთობები ფინანსურ თემებზე, სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს. ამისათვის დააფუძნეს ის ევროპელმა მამებმა თავის დროზე. დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთდა და მთავარია, ახლა დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე როგორ გამოვა ქართული მხარე. სხდომაც არ არის მარტივი. მხარეები ღელავენ ყველა სასამართლო პროცესის წინ. ეს ბუნებრივია. საინტერესოა, რას გვიპასუხებს რუსეთი, რა აქვს მას კიდევ სათქმელი. შემდეგ უკვე ყველა ერთად დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, არ გაჭიანურდება დროში; იმიტომ, რომ პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა 2006 წლის მოვლენებზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს, კოლექტიური გამოძიებების ღონისძიებების ფორმით ეს დავა ჩვენ არსებითად მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კომპენსაციის საკითხს განიხილავდა მოგვიანებით. მას შემდგე გავიდა 3 წელზე მეტი და დღემდე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან არ გვაქვს კომპენსაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ამ დავაზე, როდესაც 23 მაისის სხდომა ჩატარდება. გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებთ, ვიდრე სამი წელია“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები