სოფო კილაძე რეგიონებში საჯარო შეხვედრებს გამართავს

სოფო კილაძე რეგიონებში საჯარო შეხვედრებს გამართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხვალიდან რეგიონებში საჯარო შეხვედრებს გამართავს. მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაგეგმილ შეხვედრებზე სოფო კილაძე ზუგდიდის, ხობის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას კომიტეტის მიერ 2018 წელს გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრება.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია, მოქალაქეებმა უშუალოდ კანონმდებლებისგან მიიღონ ინფორმაცია ორი მთავრი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებმა მოსახლეობისგან მოისმინონ მათი წინადადებები და გამოწვევები, შემდგომი რეაგირებისა და გადაჭრის მიზნით.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში იმ ხალხთან შეხვედრა და ჩვენ მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება, ვინც ამ რეფორმების უშუალო მიმღებია. ჩვენ ვაპირებთ, მათ გავაცნოთ სოციალური მუშაკის რეფორმა, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ და ყველაზე დაჩაგრული ადამიანების გაძლიერებისა და დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. მათ უნდა იცოდნენ, ვის მიმართონ. ამას გარდა, ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ცვლილებების პაკეტს, რომელიც პრევენციაზე, ანუ ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისკენაა მიმართული და არა მხოლოდ დასჯაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეებისგან მოვისმინოთ წინადადებები, გავიგოთ მათი გასაჭირის შესახებ, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვიზრუნოთ მათ გათვალისწინებასა და გადაჭრაზე.  მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, რეგიონებში საზოგადოებას უფრო ხშირად და სიღრმისეულად უნდა ვესაუბროთ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონებში გამგზავრების წინ.
სპეციალურად შეხვედრებისთვის მომზადდა ბროშურები, საიდანაც მოქალაქეები მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ, რეფორმების შედეგად მიღებული სიკეთეების და სერვისების შესახებ.
28-31 იანვარს დაგეგმილი რეგიონალური შეხვედრები ხორციელდება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.​

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები