სოფო კილაძე და ზაზა გაბუნია ბავშვთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოფო კილაძე და ზაზა გაბუნია ბავშვთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, ადიგენის, ახალციხისა და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით განისაზღვრა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეფერირების წესები. კერძოდ, უფლებამოსილებათა ნაწილი გადაეცა თვითმმართველობებს. შესაბამისად, საპილოტე პროგრამა ამოქმედდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ახალციხესა და შუახევში.

სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისაგან მოისმინეს თუ რა დადებითი მხარეები ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას და რა გამოწვევები არსებობს. „მათი მოსაზრებების გათვალისწინებით განვახორციელებთ სოციალური მუშაობის კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც დეცენტრალიზაციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ზაზა გაბუნიას შეფასებით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ეხება. „მთავრობის დადგენილება არის ძალიან კარგი თეორიული წინაპირობა იმისთვის, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩართულობით უზრუნველვყოთ პრევენცია. ამისთვის უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა თუ სპეციალური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მომზადება. თუმცა მთავარი ამოცანაა, შესაბამისმა სპეციალისტებმა გარკვეული რისკის მქონე ოჯახებში იმუშაონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე დავიდეს ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი საფრთხე. ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ყველანაირად – მორალურად, ფიზიკურად ფსიქოლოგიურად”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან მზადყოფნა გამოთქვა ეტაპობრივი მუშაობის გასაგრძელებლად როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად იმ საჭიროებებისათვის, რომელიც მისივე თქმით, შეიძლება დროდადრო გამოიკვეთოს.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები