სოფიო ქაცარავა: ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი

სოფიო ქაცარავა: ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენის და საკითხის განხილვის ჯანსაღ პროცესში არ ჩაერთო ოპოზიცია.
„ოპოზიციის ინტერესი არის რადიკალიზაცია. ვფიქრობ, ისინი ნებისმიერ ფონს იყენებენ იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყრონ. კომიტეტი მიმდინარეობდა ძალიან საინტერესო მოხსენებით და კითხვა-პასუხებით, სადაც განხილვის ჯანსაღ პროცესში არ ჩაერთო ოპოზიცია. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი მხოლოდ სხდომათა დარბაზის გარეთ აკეთებენ განცხადებებს. ფაქტი არის ის, რომ მათი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისივე განმარტებით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არ არის დიდი ცვლილებები იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მკაფიო.
„ახალ სამთავრობო პროგრამაში ასახულ საგარეო პრიორიტეტებში ცხადია, არ არის დიდი ცვლილებები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მკაფიო შესაბამისად, მოლოდინიც არ იყო იმისა, რომ სამთავრობო პროგრამაში რაიმე სიახლე იქნებოდა ამ მიმართულებით”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.
ამასთან, როგორც ქაცარავამ აღნიშნა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა, საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ასევე, მთავარ პრიორიტეტზე – საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე.
„ამ მიმართულებითაც საკმაოდ დატვირთული მომდევნო თვეები გვექნება. განსაკუთრებით ნატოსთან მიმართებაში. უახლოეს მომავალში ველოდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაჯეროთ პოზიციები და უკვე ნატოს სამიტზე, რომელიც წლის ბოლოს ლონდონში გაიმართება კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ ვიყოთ ჩამოყალიბებული მოლოდინებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით პარლამენტსა და სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაცია, შეჯერებული პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ სხდომაზე ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გავხადოთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო ეფექტიანი.
„ჩვენ ხშირად განვიხილავთ თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიტანოთ იმისთვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გახდეს უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები