სოფიო კილაძე ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების თემას გამოეხმაურა

სოფიო კილაძე ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების თემას გამოეხმაურა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების თემას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ნამდვილად ვალდებულია შექმნას სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
მისივე თქმით, ეს საკითხი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.
„ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსამძიმრებ ყველა ადამიანს და ყველა იმ ოჯახს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პირობები არ იყო დაცული. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ნამდვილად ვალდებული ვართ, შევქმნათ პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ადამიანები არ ეწირებოდნენ გარკვეული ბიზნესწრეების უფრო მეტი მოგების ინტერესს. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირველ რიგში უნდა იყოს დაცული. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით და მე ვისურვებდი, რომ უფრო დაჩქარდეს ეს საკითხი“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგად, სამი მუშა დაშავდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც შედარებით მძიმედ დაშავდა, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები