სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Imedinews-ის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზედადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას COVID-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა.

უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების დადგენას ცდილობენ. მათი განმარტებით, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ამ თემაზე, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები