„სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებას, რასაც პრემიერის ხმაურიანი განცხადება მოჰყვა, კონკურენციის სააგენტო უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებას, რასაც პრემიერის ხმაურიანი განცხადება მოჰყვა, კონკურენციის სააგენტო უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებას, რასაც პრემიერის ხმაურიანი განცხადება მოჰყვა, კონკურენციის სააგენტო უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის – შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო წარმოება მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით.

კერძოდ, საჩივარი გადაუგზავნა მოპასუხე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, მიიღო და გააანალიზა მათი საპასუხო პოზიციები; გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, შემოსავლების სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, საქპატენტისგან, იმ კომპანიების/უწყებებისგან, რომლებმაც მოითხოვეს შპს „სიტროენ ჯორჯიას“ შავ სიაში შეყვანა და სხვა. ამავდროულად, თავად მომჩივანისგან რამდენჯერმე გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები.

კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი:

მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევა).

ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდებოდა, მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა, ხოლო თუ არ დადასტურდებოდა, გია გაჩეჩილაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევდა.

“თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს. გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც“, – განაცხადა პრემიერმა.

kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები