შსს სამეგრელოს პოლიციაში გოჩა ფაცურიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

შსს სამეგრელოს პოლიციაში გოჩა ფაცურიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

შს სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გოჩა ფაცურია სცემეს, კატეგორიულად უარყოფს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გოჩა ფაცურია 23 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს და მას დაკავებისას შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ასახულია დაკავების ოქმშიც. გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი, დროებითი დაკავების იზოლატორში შემოწმებისას, დაათვალიერა ექიმმა და მას სხეულზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

„კვირა“, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თითქოსდა, გოჩა ფაცურიას ზუგდიდის შს სამმართველოში პოლიციელებმა სცემეს, შს სამინისტროს დაუკავშირდა და ამ საკითხზე შს სამინისტროს კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2019 წლის 23 აპრილს აწარმოებდნენ სამსახურებრივ შემოვლას, რა დროსაც ზუგდიდში, ხორავას ქუჩიდან, შემოესმათ გინებისა და ხმამაღალი საუბრის ხმა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ფ. დახვდათ, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მის დამშვიდებას რამდენიმე პირი ცდილობდა.

სამართალდამცველებმა გ.ფ.-ს არაერთხელ მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა ის არ დაემორჩილა, აგრესია პოლიციელებზე გადაიტანა და აგრძელებდა ყვირილს და შეურაცხყოფას. ვინაიდან გ.ფ.-ს ქმედება აშკარად შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს, სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ასევე, აღსანიშნავია , რომ გ.ფ.-ს, დაკავების დროს, შუბლის არეში მცირე ზომის დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ასახულია დაკავების ოქმშიც. მისი განმარტებით, აღნიშნული დაზიანება მიღებული იყო დაკავებამდე სამი დღით ადრე.

დაკავებული იმავე ღამეს გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შემოწმდა და დათვალიერდა ექიმის მიერ და მას სხეულზე გარდა აღნიშნულისა, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და იზოლატორში არანაირი სახის პრეტენზია არ განუცხადებია.

პოლიციას გააჩნია როგორც გ.ფ.-ს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის და გამოსვლის კადრები. 24 აპრილს დაკავებულს არც სასამართლო პროცესზე გამოუხატავს პრეტენზია პოლიციის მიმართ.

სასამართლომ გ.ფ. სამართალდამრღვევად ცნო და მას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, გოჩა ფაცურიას ზუგდიდის შს სამმართველოს შენობაში პოლიციელებმა სცემეს, რა დროსაც მან სხეულზე დაზიანებები მიიღო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები