შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსხვერპლის ინტერსებზე მორგებული გამოძიების წარმოებას აგრძელებს

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსხვერპლის ინტერსებზე მორგებული გამოძიების წარმოებას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინიტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსხვერპლის ინტერსებზე მორგებული გამოძიების წარმოებას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის მარტში ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის, ხოლო 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებები ემთხვევა 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას.

“2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, დაახლოებით, 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 13% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას. ამავე წლის თებერვალში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 490-მდე ფაქტზე. აქედან, 12% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას, ხოლო მიმდინარე წლის მარტში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე. აქედან 10% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე უმეტესად პოლიციას მიმართა თავად მსხვერპლმა. ამავე წლის თებერვლისგან განსხვავებით, შეინიშნება მეზობლების მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისათვის მიმართვის მცირედით ზრდა. კერძოდ, მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრის შემდეგ, ოჯახში ძალადობის თაობაზე შეტყობინების ინიციატორი იყო მეზობელი. 2020 წლის იანვარშიც მეზობლების მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინების ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
აგრეთვე, იანვრიდან მოყოლებული მცირედით შემცირებულია ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტები.

სამივე თვეში, უმრავლეს შემთხვევაში (98%) გამოიძიება დაიწყო შეტყობინების მიღებისთანავე, იმავე დღეს. რამდენიმე შემთხვევაში შეტყობინების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იყო განმცხადებელთან დეტალების დაზუსტება, გამოძიება დაიწყო შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 947 შემაკავებელი ორდერი, თებერვალში – 840-მდე, ხოლო მარტში – 930-მდე შემაკავებელი ორდერი. 2020 წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა.
2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერი უმეტესად გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
2020 წლის იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით გაზრდილია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, ხოლო მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევები,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება აღნიშნავს, რომ პოლიცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას და იყენებს კანონით გათვალისწინებულ ინსტრუმენტებს. აგრეთვე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით, პოლიცია პატრულირებს ქუჩებში, რაც კიდევ უფრო მეტი დაცულობის განცდას უჩენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და, დროის მონაკვეთის მიუხედავად, პოლიცია მზად არის, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. ამდენად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლს აქვს შესაძლებლობა, რომ დასახმარებლად დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას.

აგრეთვე, პოლიციისათვის შეტყობინების მიზნით შეგიძლიათ:
• ტელეფონით დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე – 112;
• 112-თან დასაკავშირებლად გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე – http://112.gov.ge/index.php?m=147.

ასევე, კონსულტაციის მიზნით მოქალაქეებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს facebook გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აგრძელებს ოჯახში ძალადობის დინამიკაზე დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები