შსს-მ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა

შსს-მ საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, შს სამინისტროს შენობაში (ნოე რამიშვილის N38) საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებული სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ.
ახლადშექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასულ წლებში განხორციელებული რეფორმა ძირითადად შეეხო საპატრულო პოლიციის მხოლოდ „ფრონტ-ოფისს“, „ბექ-ოფისში“ კი – ადმინისტრაციული საქმისწარმოება კვლავ ძველი სისტემით, „ქაღალდზე“ მიმდინარეობდა.
ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.
საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოხდება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი. ცენტრში, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს.
ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.
ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო.
ცენტრის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხრე კამერების მკვეთრად გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ.
საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ახალი კამერები არსებულთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს.
პირველ ეტაპზე, ახალი სამხრე კამერები თბილისის პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ (შემდგომ ეტაპზე კი უკვე რეგიონების ეკიპაჟებსაც დაურიგდებათ, საერთო ჯამში, 2280 კამერა).

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები