შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს​ – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები