შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება სსკ–ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “112”-დან 14:44 სთ-ზე შევიდა შეტყობინება, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე, ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა)”, – აცხადებენ უწყებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები