შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქუმსიშვილის თქით, ქარის ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწიეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ „ჩალიკ ენერჯის“ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში. „საქართველოში ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში განვახორციელებთ. პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი მომავლის“, – აღნიშნა ჩალიკმა.

თურქ ინვესტორებთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურის პროექტს თურქული კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები