შესაძლოა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიცვალოს-დავით ზალკანიანი

შესაძლოა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიცვალოს-დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, სია საბოლოო არაა და შეიძლება, შეიცვალოს.

„ეს სია სრულად პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც წარმოდგენილი იყო მთავრობის მხრიდან. ეს სია არაა დახურული. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ სიაში არიან გარდაცვლილი ადამიანები, რაზეც არსებობს პასუხი, – სანამ დოკუმენტალურად არ დადასტურდება, ეს ადამაინები გარდაცვლილები არიან თუ ცოცხლები, სისხლის სამართლის საქმე ვერ შეწყდება.

ეს სია არაა საბოლოო. შესაძლოა, ის შემცირდეს, ან გაფართოვდეს. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა“ – თქვა ზალკანიანმა.

საგარეო უწყების პირველმა პირმა იმ მოსალოდნელ განწყობაზეც ისაუბრა, რასაც ის ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან ელის.

„ევროპარლამენტრის რეზოლუციაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა შემოიღონ შემზღუდავი ზომები დამნაშავე ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მყარი არგუმენტების გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციებს დააწესებენ“ – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა.

სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.

სიაში შეყვანილები არიან ის დამნაშავეები და მსჯავრდებული პირები, რომლებიც ამხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება და წამება.

„შავ სიაში“ 33 ადამიანის შეყვანის ფაქტზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის შემდეგ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. როგორც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ე.წ სპიკერმა, პეტრე გასიევმა გასივმა განცხადა, ოკუპირებული ცხინვალი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ქმნის.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები