შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს მთელს გუნდს მადლობა გადაუხადა.

თალაკვაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შენიშვნების საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია იმ რედაქციაში, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დღეს წარადგინა.

„შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ბიუჯეტში მომავალს ხედავს თითოეული ადამიანი, პროფესიონალი, ფინანსისტი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ამას ხედავენ ინვესტორები, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ეს მაჩვენებელი კი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე უფრო მეტია. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი დეფიციტის კუთხით აქვს დაგეგმილი, სულაც არ არის საგანგაშო, ვინაიდან თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მაჩვენებელია.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არის ძალიან დაბალანსებული და ამყარებს სამართლიან ურთიერთობას ხარჯებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამომავლო ინვესტიციებს შორის, ეს ბიუჯეტი არის მომავალზე ორიენტირებული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი წუხილის მიუხედავად, მმართველი ძალისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა სულ ახლახან ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა. „მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის არქიტექტურა არის შესაბამისობაში მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმასთან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება, მთავრობა ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას“, – განაცხადა გამოსვლის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები