“შეკვეთას ვხედავ პირდაპირ სააკაშვილისგან. ამას პეტრე არც მალავდა”

“შეკვეთას ვხედავ პირდაპირ სააკაშვილისგან. ამას პეტრე არც მალავდა”

“ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრე და მისი ნაკურთხი სასულიერო პირები ბოლომდე კონფრონტაციაზე მიდიან”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდრიაძე ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

„ჭყონდიდის ეპარქიაში სამწუხარო პროცესები ხდება, რომელიც, რა თქმა უნდა, მარტო ეპარქიის დონეზე არ არის და მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება. ეს არც მარტო შიდასაეკლესიო პრობლემაა, შეიძლება ითქვას, მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი პრობლემაცაა. როგორც ხედავთ, ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი და მისი ნაკურთხი სასულიერო პირები ბოლომდე კონფრონტაციაზე მიდიან. იცით თქვენ, რომ ამდენი წელიწადია, წმინდა სინოდი არანაირ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ იღებდა, ყველაზე რბილი ფორმით ჰქონდა რეაქცია და პეტრეს შეჩერებული ჰქონდა მღვდელმოქმედება. როგორც დავინახეთ, ეს ლოგიკური და სამართლიანი იყო. საერთოდ ადამიანები როცა ასე ფიქრობენ, როგორც ეს პიროვნება და მისი თანამზრახველები, ისინი საკუთარ თავს თავად განაყენებენ ეკლესიიდან. შეუძლებელია, პატრიარქზე ასეთი რაღაცები საჯაროდ თქვა, ცილი დასწამო და იმ სივრცეში დარჩე. ასეთი ადამიანი წირვას ვერ ჩაატარებს. თუ პატრიარქი არ მოიხსენია, ისე წირვა არ ტარდება. პატრიარქი მის მიმართ ძალიან ლმობიერი იყო. ბოლოს ისიც კი მოუწოდა, ველოდები, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ადამიანი დაბრუნდებაო. ამის პასუხად ისევ უარესი ბრალდებები მიიღო. შესაბამისად, რაც ხდება, დასრულდება ასე: ეს ხალხი, ალბათ, განიკვეთება და მერე, ალბათ, თავის დამოუკიდებელ ეკლესიას შექმნიან.

როცა ადამიანი ცილს სწამებს, ლანძღვას და აგინებს თავის ეპისკოპოსს, პატრიარქს, ეს ნიშნავს, რომ ის მასთან არაა. გაუგებარია, თუ ასეთი პოზიცია გაქვს, გაგდებაც არ უნდა გჭირდებოდეს, თავად უნდა მიდიოდე.

ამ ადამიანების ბრალეულობა მარტო ის კი არ არის, რომ ლანძღავენ და ცილს სწამებენ პატრიარქს, არამედ ისიც, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებაში ავრცელებენ და ადამიანებს აბრკოლებენ. ბევრი ადამიანი, არა მარტო ჭყონდიდში, არამედ მთელს საქართველოში დაბრკოლდა და ეკლესიაში აღარ დადის. ეს ძალიან დიდი დანაშაულია.
ფაქტების არასწორად გაშუქება ხდება: რომ მონაზონი მონასტრიდან გააგდეს, არაადამიანურად ეპყრობიან და ა.შ. ეს არის კერძო საკუთრება, იურდიული პირია ეკლესია. მონასტერი სოსანასი და პეტრესი კი არაა, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაა, რომელსაც წმინდა სინოდი მართავს. ადამიანი, რომელიც ლანძღავს და აგინებს ამ ეკლესიას, იმ ტერიტორიაზე არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მეუფე პეტრემ ეპარქიაში სასულიერო პირები თავისი მეგობრებით ჩაანაცვლა.

დაახლოებით, 5-6 წლის წინ ეპარქიიდან 35 სასულიერო პირი წამოვიდა. ბერები, მღვდლები, მონაზვნები თბილისში ჩამოვიდნენ და პატრიარქს მეუფე პეტრეს მოქმედებების შესახებ შესჩივლეს, რომელიც ეპარქიას სააკაშვილისეული სტილით მართავდა. მისი მხრიდან ცემა-ტყეპას ჰქონდა ადგილი, პირადად იქნევდა ხელებს. მაშინ ეს სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიაში გადაანაწილეს. პატრიარქმა ეკლესიაში მშვიდობას დაუჭირა მხარი, თუმცა, შენიშვნები პეტრეს მისცა. დღეს თუ ეპარქიაში ვინმე გამოდის, ესენი მეუფე პეტრეს მიერ ნაკურთხი ხალხია, ანუ მისი მეგობრები არიან. მან ეპარქიის ძველი სასულიერო პირები თავისი ხალხით ჩაანაცვლა“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისივე თქმით, განვითარებული პროცესების უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ხედავს.
ამ ყველაფრის უკან, ჩემი აზრით, პოლიტიკური ძალები დგანან. კონკრეტულად კი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ვინაიდან მეუფე პეტრეს არასდროს დაუმალავს და, პირიქით, ამაყობდა კიდეც სააკაშვილის ოჯახთან მეგობრობით. მისი ცოლის მოძღვარი ვიყავიო, ახალაიების დაცვა და თანადგომა ჰქონდა. ამ ყველფრის უკან ჩემთვის, პირადად, იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესები. შეკვეთას ვხედავ პირდაპირ სააკაშვილისგან. ამას პეტრე არც მალავდა. ბოლოდე სააკაშვილის სურათი ეკიდა კედელზე. რაც იყო სააკაშვილის რეჟიმი, იმის ანასხლეტი და ასლია პეტრესა და მისი ჯგუფის მოქმედება, იდეოლოგია და მიზნებიც“, – განაცხადა ანდრიაძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს უპირისპირდება.
ეპარქიაში კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ სასულიერო პირების ნაწილი მეუფე პეტრე ცაავას მიმართ სინოდის მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული აქვს.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა გუშინ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვა აღავლინა.
ქადაგებისას მან რამდენიმე სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების უფლების აკრძალვის შესახებ ბრძანება წაიკითხა.
ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს მისთვის მღვედმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს, მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები