შალვა პაპუაშვილი – დამატებით 17 დეპუტატის ხელმოწერაა შეთანხმებაზე, მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ხვალიდანვე იქნებიან პარლამენტში

შალვა პაპუაშვილი – დამატებით 17 დეპუტატის ხელმოწერაა შეთანხმებაზე, მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ხვალიდანვე იქნებიან პარლამენტში

ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და ამის შემდეგ, ნიკა მელიას შეეძლება, ნებისმიერ მომენტში გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუ მელიამ გირაოზე უარი თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ამნისტია ეხება არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეებს.

შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება და ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და ბრალი აქვს წაყენებული.

„მედიაციის პროცესში შეხვედრების ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ხანმოკლე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ტევადი, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ პრეზიდენტი მიშელი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე და ვინაიდან ამ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი გადაწყვეტილება, რომ ახლა მნიშვნელოვანია, პოლარიზაციიდან გადავიდეთ პოლარიზაციის შემცირებისკენ და უმჯობესი იქნება, რომ  იყოს თანამშრომლობა, რადგან მთავარი, რაც დღეს პრობლემაა, არის სწორედ პოლარიზაცია და პარტიებს შორის არსებული სხვადასხვაობები.

რაც შეეხება პროცედურებს (მელია-რურუას გათავისუფლებაზე) ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას შეეძლება, ნებისმიერ მომენტში გათავისუფლდეს. უარი თუ თქვა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, ამნისტია ეხება 20 ივნისს, არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ 20 ივნისთან დაკავშორებულ საქმეებს, შესაბამისად,  ამნისტიის კანონპროექტი შესაბამისი პროცედურებით დაინიცირდება.

ამაში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, ეს უნდა მოხდეს ერთობლივად და ამნისტიის შედეგად ამნისტირებული იქნება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან და ბრალი აქვს წაყენებული.

რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ხელმოწერა და ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შემდგარად, ის მზად არის, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეიწყალოს გიორგი რურუა.

მოვისმინეთ გარკვეული განცხადებები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან, მაგალითად, ვიდრე ნიკა მელია არ გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ისინი ვერ მიიღებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას.

შეთანხმება არის საჯარო, მათ შორის თარგმნილი ქართულად, ყველამ შეიძლება ნახოს ეს და დღეს ხაზი გაესვა – ამ შეთანხმებაში ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის პრეამბულა, სხვა პუნქტებისგან განსხვავებით, რომელიც მალე გადაწყდება. ეს პრეამბულა უფრო ხანგრძლივი მოქმედებისაა. იქ საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს თანამშრიმლობა, არ უნდა იყოს პოლარიზაცია, საუბარია შემდეგ რამეზე – შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე, პარტიები შედიან პარლამენტში და ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტში.

ხელმოწერა გაკეთებულია, თუ არ ვცდები, 17 დამატებითი დეპუტატის ხელმოწერა არის ამ შეთანხმებაზე, ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ხვალიდანვე ისინი იქნებიან პარლამენტში და აქტიურად შეასრულებენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს არის ხელშეკრულება, ეს არის მათი სიტყვა, ეს არის მათი ხელმოწერა. ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან.

ტონი შესაცვლელია არა მხოლოდ პარტიების, არამედ მედიებისა და პარტიების ურთიერთობაში, საზოგადოებაში ურთიერთობაში. პიარი, რომელშიც შესულია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მედია, პარტიები,  შესაცვლელია.  უნდა გადავიდეთ საჯარო ურთიერთობის იმ ეთიკაზე, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მივიწყებულია ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, საჯარო კომუნიკაციაში ნორმად იქცა უხამსობა, შეურაცხყოფა, სიტყვიერი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რას ვცდილობთ ჩვენ. ვცდილობთ, რომ ვიყოთ უხეში, უფრო მეტი ღვარძლი იყოს ჩვენს ურთიერთობაში, თუ ვცდილობთ, ვიყოთ შეძლებისდაგვარად კოლეგიალური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ  ხელშეკრულების ყველა პუნქტი შესრულდება.

„დღეს ვნახეთ ისინი პარლამენტში.  მე არ მაქვს რაიმე საფუძველი, რომ ისინი პარლამენტში არ იქნებიან. „ქართული იცნება“ მთელ ამ პროცესში იყო ერთადერთი ძალა, რომელიც იყო კონსტრუქციული. ასე რომ, ხელშეკრულების ყველა პუნქტი „ქართული ოცნების“ მიერ შესრულდება. საქმე ატის ჩვენი ოპონენტების მხარეს, მათაც, რა თქმა უნდა, ეს კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები