სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში – შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა – აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები.
ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.
დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია: „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო – მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო.
„დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება – უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება.
„ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის მწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა – გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ – 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, – აღნიშნა მან.
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები – როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა – 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები