სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა აქვეყნებს.
საქმე ეხება, 2017 წლის 18 თებერვლის თვითმკვლელობის ფაქტს, რომელიც თბილისში მოხდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მაშინ ფონდ „ერთიანობის“ ვიცე-პრეზიდენტი ანი ლომაშვილი კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ფონდ „ერთიანობის“ თანამშრომლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ანი ლომაშვილი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვა, თუმცა აღნიშნული ვერსიის მათ არ სჯერათ და ვარაუდობენ, რომ ლომაშვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ფონდ „ერთიანობის“ იურიდიული სამსახურის უფროსის, ზვიად კვირიკაძის თქმით, ანი ლომაშვილი ქმართან გასული წლის სექტემბრის შემდეგ აღარ ცხოვრობდა, მათი 4 წლის ვაჟი კი მამასთან შაბათ-კვირას, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში მიჰყავდა. სახლი მის ქმარს ეკუთვნის. სწორედ აღნიშნულ სახლში გარდაიცვალა 25 წლის ანი ლომაშვილი.
„გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ ჩამომხრჩვალი იპოვა.
ამ გოგოს ქმართან მიჰყავდა შაბათ-კვირას 4 წლის ვაჟი სანახავად, ამ შაბათსაც მიიყვანა მამასთან. ქმარი ამბობს, მე და ბავშვს გვეძინა და აბანოში რომ შევედი, ვნახე ჩამომხრჩვალი ძაღლის ჯაჭვითო. ჩვენ მისი არ გვჯერა, ჩვენ გვგონია, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მას ძალადობის ნიშნებიც ეტყობა. რეალურად, შემთხვევის დროს ოჯახში არავინ იმყოფებოდა, მეუღლის და ბავშვის გარდა. ანი და მისი ყოფილი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ, ანი ხშირად ამბობდა ქმარი მომკლავსო. ფაქტობრივად, გაცილებული იყო – 2016 წლის სექტემბრიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, ანი უმეტესწილად გლდანში, ნათლიასთან ცხოვრობდა“, – აცხადებდა „კვირასთან“ ზვიად კვირიკაძე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები