სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულება წარადგინა. საქმე ეხება ექსპერტიზას, რომელიც ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის თქმით, სასამართლოს წინაშე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. „ცალსახად ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, სწორედ დაკავებულებმა ჩაიდინეს”, – ამბობს პროკურორი.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ამასთან, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებებიც დასაშვებად ცნო.

სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს გაგრძელდება.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები