„სარფზე“, ავტობუსში დამალული 2 მილიონი ლარის ღირებულების 36 კილო ოქრო აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)

„სარფზე“, ავტობუსში დამალული 2 მილიონი ლარის ღირებულების 36 კილო ოქრო აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი  –  40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე – საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, MERCEDES BENZ-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის  „სარფი“’ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება  2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო  ამოღებული ავტონაწილების  ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული  პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით  გრძელდება , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი  ბრუნვის აღკვეთაა, რაც  ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.  შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები