“საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება”

“საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება”

“საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება”,- ამ საკითხზე, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.
როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.
„საქართველო ჩინეთის სტრატეგიული და სანდო პარტნიორია. ძიანგსის პროვინციასთან კი განსაკუთრებული ურთიერთობები ყალიბდება. „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, ჩვენ ვმსჯელობთ საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელების დეტალებზე, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ, ქურთუკების საწარმოა, რომელიც გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის შედეგია“, – განაცხადა კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ვან სენ ფენმა.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ძიანგსის პროვინციის ქალაქ კუნცინის სამკერვალო წარმოება დაათვალიერეს, რომელიც ჩინეთის ბაზრის 60%-ს ამარაგებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შეკვეთებს ასრულებს. საწარმო ქალაქის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს. ტყიბულში ქალაქ კუნცინში მდებარე მსოფლიოში ცნობილი ქურთუკების სამკერვალო ფაბრიკის ანალოგი აშენდება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი გასულ თვეში მოეწერა.
„ჩვენ მალე დავიწყებთ ტყიბულში ანალოგიური ქარხნის მშენებლობას. ჩინური საწარმოს საქართველოში გადმოტანა ევროპის ბაზარზე გასვლის ერთადერთი კონკურენტული გზაა და ვფიქრობ, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გარანტიც. საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩვენ მსოფლიოს ბაზარს მოვამარაგებთ. საწარმოში უკვე ვკერავთ 2019 წლის კოლექციას“, – განაცხადა კუნცინის საექსპორტო სამკერვალო წარმოების დირექტორმა, ლიუ ჩანმა.
საქართველოში დამზადებული მსოფლიო ბრენდების ქურთუკები “მეიდ ინ ჯორჯიას” სახელით საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება. ტყიბულში საწარმოს მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩინეთში გადამზადების შემდეგ საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
ძიანგსის პროვინციაში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იყვნენ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები