საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა

საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა

საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საფრთხის გადავლაზე საუბარი ნაადრევია და შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს.

„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი”, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები